დანაშაულში თანამონაწილეობის ზოგიერთი პრობლემური ასპექტი

აბსტრაქტი :

როგორც ცნობილია, სისხლის სამართალში ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტს წარმოადგენს ამსრულებელი, რამეთუ იგი გვევლინება დანაშაულის ჩადენის მთავარ პერსონაჟად, ურომლისოდაც სახეზე არაა დანაშაული. თუმცა, უმეტეს შემთხვევებში, დანაშაულის ჩადენა ხდება თანამონაწილეობით, როდესაც ამსრულებელი (თანაამსრულებელი) როგორც დანაშაულის უშუალო ჩადენამდე, ასევე მისი ჩადენის უშუალო მიმდინარეობისა და მის შემდგომაც მოქმედებს სხვა პირთან – თანამონაწილესთან ერთად.
თანამონაწილის როლი უმთავრესად გამოიხატება სწორედ დანაშაულის რამდენიმე ეტაპზე მნიშვნელოვანი ქმედებების განხორციელებაში, რაც გამოიხატება დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენამდე შესაბამისი პირობების შექმნასა და უშუალოდ დანაშაულის პროცესში მათ ეფექტიან რეალიზაციაში. რაც, თავის მხრივ, შესაძლოა განხორციელდეს ამსრულებლისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების თავიდან აცილებისა თუ მისი პიროვნული გამხნევების გზით. ამდენად, კონკრეტული დანაშაულის ჩადენისას იმდენად დიდია თანამონაწილეობის ინსტიტუტის როლი, რომ მის გარეშე ხშირად დანაშაული ან საერთოდ არ განხორციელდებოდა, ან მის უსაფრთხოდ მიმდინარეობას შეექმნებოდა სერიოზული საფრთხე.
მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმ გარემოებასაც, რომ, ზოგიერთ შემთხვევაში, დანაშაულში თანამონაწილენი ასევე უზრუნველყოფენ დანაშაულის შემდგომ კვალის დაფარვისაკენ მიმართულ აქტიურ ქმედებებსაც, რითაც უფრო საიმედო ხდება ამსრულებლისათვის (თანაამსრულებლებისათვის) დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის პროცესი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ზოგადად თანამონაწილეობის არსისა და მისი სახეების მიმოხილვა, რათა სისხლის სამართალში მკაფიოდ განისაზღვროს თანამონაწილეობის ინსტიტუტის რაობა, გამოიკვეთოს დანაშაულის განხორციელების პროცესში მისი ფუნქციური როლი და მკაფიოდ განისაზღვროს თანამონაწილეთა სამივე სახის წარმომადგენელთა მოქმედების საკანონმდებლო ფარგლები, მათი სამართლებრივი არეალი.

საკვანძო სიტყვები :

ორგანიზატორი, წამქეზებელი, დამხმარე

სრული PDF:

PDF