რეცენზენტები
ავტორის მიერ გამოსაქვეყნებლად წარდგენილი სამეცნიერო სტატია შესაფასებლად ეგზავნება ორ რეცენზენტს, რომელსაც ირჩევს მთავარი რედაქტორი ან მისი დავალებით, რედაქტორი.
რეცენზენტს სტატიასთან ერთად ეგზავნება სტატიის შეფასების ფორმა, რომელშიც შესულია სტატიის შეფასების კრიტერიუმები.
სტატიის შეფასების ფორმაში ყველა კრიტერიუმისთვის წინასწარ განსაზღვრულია შესაბამისი ქულები, რომლითაც ახდენს რეცენზენტი სტატიის შეფასებას.
სტატიის ქულებით შეფასების გარდა, რეცენზენტს უფლება აქვს საკუთარი სურვილის შემთხვევაში, სტატიის შეფასების ფორმაში მიუთითოს მისი მოსაზრებები, განმარტებები და რეკომენდაციები.
რეცენზენტები შეიძლება იყვნენ დარგის მაღალი კვალიფიკაციის და ავტორიტეტის მქონე ქართველი და/ან უცხოელი მეცნიერები/მკვლევარები, რომელთა სპეციალობა ყველაზე ახლოსაა ნაშრომის თემასთან.
რეცენზიის ობიექტურობის სტანდარტები
სტატიის შეფასება უნდა იყოს ობიექტური. შეუსაბამოა ავტორის პირადი კრიტიკა.
ნებისმიერი შერჩეული რეცენზენტი, რომელიც თავს არაკომპეტენტურად ჩათვლის სტატიის გადახედვისას, ან ვინც თვლის, რომ ნაშრომის დროული შეფასება შეუძლებელი იქნება, დროულად უნდა აცნობოს რედაქციას და უარი თქვას სტატიის შეფასებაზე.
ფარული რეცენზირება
სტატიის შეფასება გახლავთ ორმხრივად (“double-blindpeer review”) ფარული (ანონიმური), ავტორმა არ იცის რეცენზენტების ვინაობა და რეცენზენტებმა არ იციან ავტორის ვინაობა.
რეცენზიის ვადები
სტატიების შეფასების ვადები შეიძლება განსხვავდებოდეს კონკრეტული სიტუაციიდან, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 10 სამუშაო დღეს, უცხოენოვანი ნაშრომის კი – 12 სამუშაო დღეს.
რეცენზენტის რეკომენდაციები და შენიშვნები
რეცენზენტს მისი სურვილის შემთხვევაში, სტატიის შეფასების პროცესში, შეუძლია ავტორს მისცეს გარკვეული ტექნიკური, თუ სხვა სახის რეკომენდაციები და შენიშვნები. ასეთ შემთხვევაში, თუ რედაქტორი ჩათვლის შესაძლებლად (დროის და სხვა გარემოებების მიხედვით), ის რეცენზენტის მიერ მითითებული რეკომენდაციების გასათვალისწინებლად და ხარვეზების აღმოსაფხვრელად უგზავნის სტატიის ავტორს წინადადებას. სურვილის შემთხვევაში, ავტორს შეუძლია მოამზადოს ნაშრომი ამ რეკომენდაციების და შენიშვნების გათვალისწინებით და ხელახლა გამოაგზავნოს ჟურნალის რედაქციაში. ავტორის მიერ საბოლოოდ დასრულებული ნაშრომი რედაქტორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხელახლა იგზავნება შეფასებისთვის იმავე რეცენზენტთან.
სტატიების შეფასების კრიტერიუმები
რეცენზენტები სტატიას აფასებენ სტატიების შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია სტატიების შეფასების ფორმით.
რეცენზირების გავლა და შედეგები
შეფასება შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი.
დადებითად ჩაითვლება თითოეული შეფასება, რომლითაც ნაშრომი შეფასებული იქნება არანაკლებ 70 ქულით.
სტატიის შეფასება წარმატებით გავლილად მიიჩნევა, ორივე დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.
თითოეული სტატიის, რომელმაც წარმატებით გაიარა შეფასება, საერთო ქულა გამოითვლება ორივე დადებითი შეფასების ქულათა შეკრებით.
იმ შემთხვევაში, თუ ორიდან ერთი რეცენზენტის შეფასება დადებითია, ხოლო მეორე რეცენზენტის კი უარყოფითი და რეცენზენტის უარყოფითი შეფასება იქნება მინიმუმ 60 ქულა მაინც, ჟურნალის მთავარ რედაქტორს შეუძლია სტატია საბოლოო შეფასებისათვის გადაუგზავნოს ჟურნალის სამეცნიერო საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. ასეთ შემთხვევაში სტატიის რეცენზირება წარმატებით გავლილად ჩაითვლება, თუ სარედაქციო საბჭოს მიერ სტატია შეფასდება დადებითად.
ჟურნალის სამეცნიერო საბჭოსათვის ავტორის ვინაობა რჩება ფარული, თუმცა თავად სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობა ვერ იქნება ფარული, ვინაიდან მისი შემადგენლობა საჯაროა.
რეცენზენტები, ასევე სამეცნიერო საბჭოს წევრები შეფასებისას არიან დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები.
ავტორს ელექტრონულ მისამართზე ეცნობება შეფასების შედეგები.
ჟურნალში გამოქვეყნდება ის სტატიები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შეფასებას და მიიღებენ ყველაზე მაღალ ქულებს, გამოქვეყნებისათვის განკუთვნილი ქვოტის გათვალისწინებით.
რეცენზიების (შეფასების ფორმების) ორიგინალები ინახება ჟურნალის რედაქციაში 3 წლის განმავლობაში.
რეცენზენტის მიერ სტატიების შეფასების კრიტერიუმები
სტატიის აქტუალობა
მაქსიმუმ 15 ქულა
სტატიის არგუმენტირებულობა, ლოგიკურობა
მაქსიმუმ 25 ქულა
ნაშრომის ენა და სტილი
მაქსიმუმ 20 ქულა
კვლევის სიახლე
მაქსიმუმ 25 ქულა
გამოყენებული ლიტერატურის ხარისხი
მაქსიმუმ 15 ქულა
სამეცნიერო სტატიის ჯამური შეფასება
მაქსიმუმ 100 ქულა