სახელმწიფოს როლი მსჯავრდებულის რესოციალიზაციის პროცესში
აბსტრაქტი :
სტატიის მიზანია გამოკვეთოს და გააანალიზოს სახელმწიფოს ის ვალდებულებები, რომლებიც მას, როგორც სამართლებრივ, სოციალურ და დემოკრატიულ ქვეყანას ეკისრება მსჯავრდებულის რესოციალიზაციის პროცესში. გარდა ამისა, ნაშრომის ფარგლებში შეფასდა და გაანალიზდა რესოციალიზაციის კუთხით არსებული თეორიული, პრაქტიკული და ნორმატიული ასპექტები, მისი ურთიერთმიმართება სასჯელის სხვა მიზნებთან. აგრეთვე, ამ კონკრეტული სასჯელის მიზნის, სამართლის ეკონომიკური კუთხით გააზრება, ვინაიდან ისეთი მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია, რომ მსჯავრდებულის რესოციალიზაციას მინიმალური ადამიანური და ფულადი რესურსების გამოყენებით მივაღწიოთ. კიდევ ერთხელ მწვავედ და აქტიურად გამოიკვეთა კრიმინოლოგიის მნიშვნელობა მსჯავრდებულის რესოციალიზაციისათვის, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ კრიმინოლოგიის მეშვეობითაა შესაძლებელი გავიაზროთ დანაშაულის რაობა, დამნაშავის პიროვნება, დანაშაულის მაპროვოცირებელი გარემოებები და ყოველივე ზემოჩამოთვლილის გათვალისწინებით მსჯავრდებულს განესაზღვროს ინდივიდუალურად მის საჭიროებებზე მორგებული ეფექტური რესოციალიზაციის ძირითადი საშუალებები და სარეაბილიტაციო პროგრამები.
საკვლევი თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, კვლევის ფარგლებში გამოყენებულია მიმოხილვითი და ფორმალურ-ლოგიკური მეთოდები, რომლებიც საშუალებას იძლევა სისტემურად და შინაარსობრივად შეფასდეს საკვლევი თემის აქტუალური პრობლემები.
კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა ქართულ კანონმდებლობაში რესოციალიზაციის კუთხით არსებული ხარვეზები. მკაფიოდ განისაზღვრა დემოკრატიული, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ვალდებულებები, ამ კუთხით წარმოჩინდა სამართლის ეკონომიურობის საკითხის მნიშვნელობა სამართალგამოყენების ნებისმიერ ეტაპზე და კიდევ არაერთხელ ხაზი გაესვა კრიმინოლოგიის, როგორც მეცნიერების მნიშვნელობას რესოციალიზაციის პროცესში.
საკვანძო სიტყვები :
რეაბილიტაცია, კრიმინოლოგია, პრევენცია