სასჯელის მიზნის მიღწევის სირთულეები პენიტენციურ დაწესებულებაში
აბსტრაქტი :
დანაშაული და სასჯელი კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპზე წარმოადგენდა საზოგადოების განუყრელ ინსტიტუტებს. სოციალური კონტროლის უზრუნველსაყოფად ადამიანები არასასურველი ქმედების კრიმინალიზაციას ახდენდნენ და ქმნიდნენ ნორმებს, ნორმების დაცვისთვის კი ადგენდნენ სასჯელს, რომელსაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ახსნა და მიზანი ჰქონდა. დამნაშავეთა სასჯელის მიზნის მიღწევისთვის მნიშნველოვანი ფაქტორია მსჯავრდებული პირებისთვის მოქმედი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამები. თეორიული და პრაქტიკული წინამძღვრები მოწმობს, რომ სასჯელის მიზნის მისაღწევად პროგრამა უნდა იყოს მორგებული დამნაშავის პიროვნებაზე და იმ დანაკლისსა და მოთხოვნილების შევსებაზე, რომელმაც კრიმინალური ქმედების ჩადენაში მნიშნელოვანი როლი ითამაშა. წინამდებარე სამაგიდო კვლევაში გაანალიზებულია საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მოქმედი მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამები,რომლებიც დამნაშავეთა ფსიქო-სოციალური გარემოს კვლევისა და საჭიროებების გათვალისწინების აუცილებლობის მეცნიერულ დასაბუთებას საჭიროებს. სასჯელის სახეს, უმეტეს შემთხვევაში, წარმოადგენს თავისუფლების აღკვეთა და კვლევის ფარგლებში განხილულ და გაანალიზებულ იქნა ინფორმაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ განხორციელებული სხვადასხვა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამების შესახებ. მონაცემთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ არსად გამოუკვლევიათ დამნაშავის ფსიქო-სოციალური მდგომარეობა დაწესებულებაში მოხვედრამდე და პროგრამის დასრულების შემდგომ. პროგრამები არ გულისხმობენ იმ დანაკლისების შევსებაზე ორიენტაციას, რა დანაკლისების შესავსებადაც დამნაშავეებმა ჩაიდინეს დანაშაული. ისინი მხოლოდ, ზოგადად, ანტისოციალური ქცევითი ტენდენციის დაძლევას ისახავენ მიზნად და არ აქვთ კავშირი დამნაშავისთვის რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის შესაძლებლობის მიცემასთან.
საკვანძო სიტყვები :
დამნაშავე, პრევენცია, რესოციალიზაცია