სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე“ აცხადებს სტატიების კონკურსს ჟურნალის მე-10 (დეკემბრის) საიუბილეო ნომრისთვის

სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე“ აცხადებს სტატიების კონკურსს ჟურნალის მე-10 (დეკემბრის) საიუბილეო ნომრისთვის

საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი და რეცენზირებადი ჟურნალი „სამართლის მაცნე“ აცხადებს სტატიების კონკურსს ჟურნალის მე-10 (დეკემბრის) საიუბილეო ნომრისთვის.

ჟურნალი „სამართლის მაცნე“ გახლავთ  „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ პერიოდული გამოცემა.

ჟურნალს მინიჭებული აქვს საერთაშორისო გრიფი ISSN 2667-9434.

გამოცემის ფორმა და ხელმისაწვდომობა

ჟურნალი გამოდის ელექტრონული სახით და ქვეყნდება ჟურნალის ვებგვერდზე: www.heraldoflaw.com

ჟურნალი არის ღია წვდომის და გამოქვეყნებული სტატიების სრული ტექსტები ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

ჟურნალში სტატიების გამოქვეყნება უსასყიდლოა.

სტატიების წარმოდგენის ვადა

სტატიების წარმოდგენის ბოლო ვადა –  2024 წლის 1 ნოემბერი.

კონკურსის თემატიკა

ჟურნალში გამოქვეყნებისთვის, კონკურსზე მიიღება სამეცნიერო სტატიები, აქტუალურ საკითხებზე, სამართლის, ადამიანის უფლებების და სახელმწიფო მართვის თემაზე, რომლებიც შეიცავენ მეცნიერულ სიახლეს და აქვთ მაღალი სამეცნიერო ღირებულება.

სტატიის ტექსტი არ შეიძლება იყოს მიმოხილვითი და შედგებოდეს მხოლოდ სხვადასხვა ავტორისგან ნასესხები მასალის, დამოუკიდებელი კვლევისა და საკუთარი რეკომენდაციებისა და დასკვნების გარეშე.

ჟურნალში გამოსაქვეყნებლად მიიღება სამართლის დარგის ქართველი და უცხოელი მეცნიერების/მკვლევარების, აკადემიური პერსონალის  და დოქტორანტების სამეცნიერო სტატიები.

გამონაკლის შემთხვევებში, სხვა დარგის ავტორების სამეცნიერო სტატიები ჟურნალის თემატიკაზე გამოსაქვეყნებლად მიიღება მათი აქტუალობის,

მნიშვნელობის და განსაკუთრებული სამეცნიერო ღირებულებების გათვალისწინებით.

სტატიების კონკურსზე შეიძლება წარმოდგენილ იქნეს როგორც ერთი, ისე რამდენიმე თანაავტორის მიერ შესრულებული  სტატია.

თანაავტორობით წარმოდგენილი სტატიის გამოგზავნა და გამოქვეყნების მოთხოვნა შეუძლია ერთ-ერთ თანაავტორს სხვა თანაავტორთა სახელით, თუმცა თანაავტორები ვალდებული არიან თავიანთი ელფოსტებით ცალ-ცალკე გამოგზავნონ შევსებული „ავტორის დეკლარაცია“ და გზავნილში დაადასტურონ სტატიის თანაავტორობა. მხოლოდ ამის შემდეგ სტატია ჩაითვლება მიღებულად განსახილველად. წინააღმდეგ შემთხვევაში საკონტაქტო ავტორს ეცნობება, რომ მას უარი ეთქვა სტატიის მიღებაზე.

საკონტაქტო პირად მიიჩნევა სტატიის თავდაპირველად გამომგზავნი, შესაბამისად კომუნიკაცია განხორციელდება ამ პირთან.

თანაავტორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ოთხს.

რამდენიმე პირის თანაავტორობით წარმოდგენილ სტატიაში ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია (გარდა ტექნიკური ცვლილებებისა) მხოლოდ ყველა თანაავტორის თანხმობით.

სტატიების ენა

კონკურსზე შეიძლება წარმოდგენილ იქნას სამეცნიერო სტატიები ჟურნალში გამოსაქვეყნებლად, ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე (ინგლისურენოვან აბსტრაქტთან ერთად).

რეფერირება

ჟურნალში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები რეფერირდება ინსტიტუტ „ტექინფორმის” (https://techinformi.ge) გამოცემაში „ქართული რეფერატული ჟურნალი (ქრჟ)”.

ინდექსირება და იმპაქტ-ფაქტორი

ჟურნალს მინიჭებული აქვს DOI -ს უნიკალური კოდი 10.15350/26679434.

ჟურნალი ინდექსირდება 20 საერთაშორისო ბაზაში და მინიჭებული აქვს 2 იმპაქტ-ფაქტორი.

ჟურნალი შესულია არაერთ საერთაშორისო გლობალურ სამეცნიერო და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების საბიბლიოთეკო ბაზებში.

საავტორო უფლება

ჟურნალი იცავს შემოსულ და გამოქვეყნებულ მასალებზე მატერიალურ, თუ არამატერიალურ საავტორო უფლებებს.

რედაქციის მიერ სტატიის გამოქვეყნების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ავტორი ვალდებულია სტატიის გამოქვეყნებამდე ნაშრომზე განსაკუთრებული უფლება გადასცეს რედაქციას, რაც უნდა დაადასტუროს შესაბამის განცხადებაზე ხელმოწერით და რედაქციის მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი ლიცენზიის გადაცემით.

ლიცენზია არ გულისხმობს ავტორის არაქონებრივი უფლებების გადაცემას. ავტორებს უფლება აქვთ გადაამუშავონ საკუთარი ნაშრომები, თუმცა მათ ევალებათ, რომ ჟურნალი მიუთითონ როგორც პირველადი გამოცემის წყარო.

ჟურნალში ნაშრომები გამოქვეყნდება – creative commons ლიცენზიით ( CC BY SA).

სტატიების მიღების წესი 

ავტორი, საკონკურსო განცხადებით განსაზღვრულ ვადაში, აგზავნის სტატიას  და ჟურნალის მიერ დადგენილ ავტორის დეკლარაციის ფორმას შევსებულს  მიბმული ფაილის სახით ელ.ფოსტაზე info@heraldoflaw.com

სტატიის ატვირთვა და ჟურნალის ელ.ფოსტაზე გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ჟურნალის ვებგვერდზე.

ავტორი სტატიასთან ერთად, ასევე, აგზავნის მის შესახებ მოკლე ინფორმაციას და საკონტაქტო მონაცემებს, რომელიც შეინახება რედაქციის არქივში.

სტატია გამოგზავნილი უნდა იყოს დადგენილი სტატიების გაფორმების წესის შესაბამისად.

რედაქცია ამოწმებს წარდგენილი ნაშრომის შესაბამისობას, სტატიების გაფორმების დადგენილ წესთან.

რედაქცია არ მიიღებს და არ განიხილავს სტატიას, რომელიც არ იქნება ამ წესის დაცვით შესრულებული და რომელიც არ შეესაბამება სტატიების პუბლიკაციის ეთიკის სტანდარტებს. რედაქტორს, ასეთ შემთხვევაში, თუ საჭიროდ და შესაძლებლად ჩათვლის რეცენზენტებთან გაგზავნამდე, შეუძლია ავტორს მისცეს რეკომენდაციები და შესთავაზოს სტატიის გაფორმება დადგენილი წესის შესაბამისად, რისთვისაც მას განუსაზღვრავს დროს. ავტორის მიერ რედაქციის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინების შემთხვევაში, სტატია მიიღება განსახილველად.

სტატიის ჟურნალის რედაქციაში გამოგზავნით, ავტორი ადასტურებს, რომ ის გაცნობილია და ეთანხმება ჟურნალის სტატიების პუბლიკაციის ეთიკასკონცეფციასკონკურსის ჩატარების და სტატიების გაფორმების წესებს.

სტატიის გამოქვეყნების შემთხვევაში, ავტორი ნაშრომზე განსაკუთრებულ უფლებას გადასცემს რედაქციას.

ავტორმა, ჟურნალში სტატიის გამოქვეყნებამდე, საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში, დროულად უნდა აცნობოს მისი ახალი საკონტაქტო ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი შეტყობინება გაიგზავნება თავდაპირველ ელექტრონულ მისამართზე ან მის საკონტაქტო ტელეფონზე და ჩაითვლება ჩაბარებულად.

რედაქციის პასუხისმგებელი თანამშრომელი თავად დაუკავშირდება სტატიის ავტორს (რამდენიმე ავტორის მიერ წარმოდგენილი სტატიის შეთხვევაში კი ერთ –ერთ ავტორს).

სტატიების განხილვის წესი 

ავტორის მიერ გამოსაქვეყნებლად წარდგენილი სტატია, შესაფასებლად, ეგზავნება ორ რეცენზენტს, რომელსაც ირჩევს მთავარი რედაქტორი ან მისი დავალებით რედაქტორი.

ჟურნალში სტატიის შეფასება გახლავთ ორმხრივად (“double-blindpeer review”) ფარული (ანონიმური), ავტორმა არ იცის რეცენზენტების ვინაობა და რეცენზენტებმა არ იციან ავტორის ვინაობა.

შეფასებას რეცენზენტი ახდენს სტატიის რეცენზირების დადგენილი წესის თანახმად.

სტატიის შეფასება წარმატებით გავლილად მიიჩნევა, ორივე დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.

კონკურსის შედეგები

ჟურნალში გამოქვეყნდება ის სტატიები, რომლებიც მიიღებენ ყველაზე მაღალ ქულებს რეცენზირების შედეგად.

კონკურსის შედეგად ჟურნალში გამოსაქვეყნებლად სულ შეირჩევა არაუმეტეს 15 სამეცნიერო სტატიისა.

სტატიების კონკურსს მიღმა დარჩენილი ნაშრომები, მათი ავტორების თანხმობის შემთხვევაში, მიიღებენ მონაწილეობას შემდეგ გამოცემისთვის გამოცხადებულ სტატიების კონკურსში. ამისთვის ავტორებს აღარ დასჭირდებათ თავიდან ამ სტატიების რედაქციაში გამოგზავნა. ასევე, აღნიშნული სტატიები აღარ გაივლიან რეცენზირებას და მათ უნარჩუნდებათ წინა კონკურსში რეცენზენტების მიერ შეფასებული ქულები.

დანართი

ავტორის დეკლარაციის ფორმა