ქმედების შემადგენლობისა და მართლწინააღმდეგობის, განზრახვისა და ბრალის მიმართების საკითხი
აბსტრაქტი :
სტატიაში განხილულია დოქტრინაში დღემდე სადავო საკითხები: 1. რა მიმართებაშია ერთმანეთთან ქმედების (დანაშაულის) შემადგენლობა და მართლწინააღმდეგობა? 2. რა მიმართებაშია განზრახვა და ბრალი – განზრახვა ბრალის ფორმაა, თუ მისი ნიშანი?
სტატიაში დასაბუთებულია, რომ ქმედების შემადგენლობის განხორციელება მხოლოდ ინდიციაა მართლწინააღმდეგობაზე, მაგრამ იგი თავისთავად არ მეტყველებს იმაზე, რომ ჩადენილი ქმედება აუცილებლად მართლსაწინააღმდეგოა.
ეს რომ ასე იყოს, მაშინ დანაშაულის სამი ნიშანი ზედმეტი აღმოჩნდება და მისგან და რჩება მხოლოდ ორი ნიშანი: ა) ქმედების შემადგენლობა (რაც თავის თავში მოიაზრებდა მართლწინააღმდეგობასაც) და ბრალი. ანდა ბ) მართლწინააღმდეგობა (რომელიც თავის თავში მოიაზრებდა ქმედების შემადგენლობასაც) და ბრალი.
შესაბამისად, ცალკე აღებული (ავტონომიურად აღებული) ქმედების შემადგენლობა არც მართლსაწინააღმდეგოა და არც მართლზომიერი – ქმედების შემადგენლობა ფაქტზე მსჯელობაა, იგი არაა შეფასებითი მსჯელობა. იგი შეიძლება ჩადენილი იყოს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებაში ან ასეთი გარემოების გარეშე (სახეზე არ იყოს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი არც ერთი გარემოება). მხოლოდ ამ საკითხის გარკვევის შემდეგ შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა თუ მართლზომიერი.
რაც შეეხება განზრახვას, სტატიაში დასაბუთებულია, რომ იგი ბრალის ფორმაა და არა მისი ნიშანი. ბრალი არის არა პირის გაკიცხვა მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო (ასეთ ქმედებას სულით ავადმყოფის სჩადის), არამედ იგი პირის უპასუხისმგებლობაა ნორმატიულად დადგენილი ვალდებულებისადმი, რომელიც განზრახვისა ან გაუფრთხილებლობის ფორმით ვლინდება. თუ განზრახვა არაა ბრალის ფორმა და იგი „მოსამართლის თავშია“, მაშინ გამოვა, რომ დანაშაულს ორი ავტორი ჰყოლია: ქმედების ამსრულებელი (რომელიც სჩადის სისხლისსამართლებრივ უმართლობას) და მოსამართლე (რომელიც ყოფილა ბრალის ავტორი).
ამდენად, გამოვა, რომ ბრალი დანაშაულის მესამე და განუყოფელი ნიშანი კი არაა, არამედ იგი გარედან შეიტანება და უერთდება ჩადენილ სისხლისსამართლებრივ უმართლობას, რის შედეგადაც იქმნება დანაშაული თავისი სამი ნიშნით. ასეთი დასკვნა მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ არგუმენტაციას.
საკვანძო სიტყვები :
გაკიცხვა, უპასუხისმგებლობა, მართლზომიერი