Acquis communautaire-ის კონცეფცია და მისი მნიშვნელობა ევროპის კავშირის სამართალში

აბსტრაქტი :

სტატია ეხება ევროპის კავშირის (EU) სამართლის ერთ-ერთ საკვანძო კონცეფციას − acquis communautaire-ს, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ევროკავშირის მართლწესრიგის ერთიანობის უზრუნველყოფის საქმეში; იგი საკუთარ თავში ითავსებს EU-ს ყველა სამართლებრივ და პოლიტიკურ მიღწევას მისი არსებობის ისტორიის მანძილზე. სტატიაში განხილულია acquis communautaire-ის კონცეფციის წარმოშობის,  ჩამოყალიბებისა და მნიშვნელობის საკითხები EU-ს განვითარებისა და გაფართოების  საქმეში, ნაჩვენებია მისი მოცულობისა და შინაარსის ევოლუციის დინამიური ბუნება  ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების შესაბამისად, ხაზგასმულია მისი, როგორც ევროპის კავშირის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტის, გამორჩეული როლი. საგულისხმოა, რომ ევროკავშირის სამართლის მეცნიერებასა და პრაქტიკაში დღემდე  არ არსებობს ერთიანი მიდგომა აღნიშნული ცნების ფარგლებისა და შინაარსისადმი.  ავტორი მიდის დასკვნამდე, რომ acquis communautaire, სამართლებრივ კატეგორიაზე  მეტად, კომპლექსური ხასიათის ცნებაა, რომელიც მოიცავს EU-ს პირველად და მეორად  სამართალს, ასევე „არანორმატიულ“ წყაროებს და მუდმივად ვითარდება. ამასთან, acquis communautaire-ის უნივერსალური ბუნება განაპირობებს მისი თითოეული ელემენტის შინაარსის დაზუსტების აუცილებლობას ამ ცნების გამოყენების ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. შესაბამისად, acquis communautaire-ის გამოყენების შიდა სფეროში, EU-ს ინსტიტუტები მიზნად ისახავენ ევროკავშირის განვითარებას მისი პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური და კულტურული მემკვიდრეობის საფუძველზე; საგარეო გამოყენების სფეროში კი მიზანი ევროკავშირის ღირებულებებისა და პრინციპების მის საზღვრებს მიღმა „ექსპორტი“, კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში გასაწევრიანებლად სათანადო მომზადება და მესამე სახელმწიფოებთან ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამართლებრივ თანამშრომლობაში საკუთარი მოწინავე მიღწევების დანერგვა და ადაპტირებაა. ავტორი მიიჩნევს, რომ acquis communautaire-ის შინაარსი და ფარგლები იცვლება მისი გამოყენების მიზნების შესაბამისად.

 

საკვანძო სიტყვები :

ევროპული ინტეგრაცია, ევროკავშირის პოლიტიკა, გაძლიერებული თანამშრომლობა, საერთაშორისო ხელშეკრულებები

სრული PDF:

PDF