პენიტენციური დაწესებულებიდან გაქცევის კრიმინალიზების სამართლიანობა
აბსტრაქტი :
კვლევის ფარგლებში განხილულია პენიტენციური დაწესებულებიდან გაქცევის კრიმინალიზების მართებულობა სამართლისა და ფილოსოფიის ჭრილში. სტატიაში შედარებით სამართლებრივი მეთოდის გამოყენებით შესწავლილია სხვადასხვა მიდგომები ამ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო შემდგომში განხილულია ქართულ კანონმდებლობაში პენიტენციური დაწესებულებიდან გაქცევის მოწესრიგება და შეფასებულია მისი კრიმინალიზების მართებულობა. ზოგადად საპატიმროდან გაქცევის ორი მიდგომა არსებობს, მისი დეკრიმინალიზაცია, როგორიც არის გერმანიაში და კრიმინალიზაცია. კრიმინალიზაციის დროს მნიშნველოვანია გათვალისწინებული იყოს ის ზიანი, რომელსაც ქმედება იწვევს, ის ობიექტი, რომლის დაცვასაც ამ ქმედების კრიმინალიზაცია ემსახურება და თავად ქმედება, რამდენად უნდა იყოს დასჯადი.
საპატიმროდან გაქცევის ქმედების კრიმინალიზებისას სასწორზე დგას, ერთი მხრივ, ადამიანის სწრაფვა, იყოს თავისუფალი, და, მეორე მხრივ, შეზღუდვა იცავს საზოგადოებას დანაშაულისგან, საგამოძიებო ორგანოთა, სასამართლოსა და პენიტენციურების ნორმალურ საქმიანობას, რადგან გაქცევით ხდება მათი ძალების მობილიზაცია ძებნისთვის, ის ასევე ქმნის რეციდივის საშიშროებას და ეჭვს აჩენს საზოგადოებაში სამართალდამცავი ორგანოების უნარიანობაში. კვლევის შედეგად დგინდება, რომ ნორმა, პირველ რიგში, ამ ობიექტებს ეფექტურად ვერ იცავს, ნებისმიერი ზიანი, რომელიც შეიძლება თან ახლდეს ციხიდან გაქცევას, უკვე არის კრიმინალიზებული სხვა ნორმებით და ის კიცხავს ადამიანის ფუნდამენტურ შინაგან მოთხოვნილებას, იყოს თავისუფალი. აქედან გამომდინარე, ლიბერალური დემოკრატიისთვის, აშკარაა, რომ დეკრიმინალიზების მიდგომა, რომელიც გავრცელებულია გერმანიაში, გაცილებით დაბალანსებულია და ფილოსოფიურად გამართლებულია, ვიდრე კრიმინალიზების მიდგომა.
საკვანძო სიტყვები :
სისხლის სამართალი, ფილოსოფია, თავისუფლება