ოჯახში ძალადობის მაპროვოცირებელი გარემოებები: რევიქტიმიზაციის პრევენციისა და მოძალადის რესოციალიზაციის პრობლემა
აბსტრაქტი :
წინამდებარე კვლევა აანალიზებს ოჯახში ძალადობის მაპროვოცირებელ გარემოებებს და მათ კავშირს რევიქტიმიზაციის პრევენციისა და მოძალადის რესოციალიზაციის პრობლემასთან. ძალადობა განიხილება, როგორც მულტიფაქტორული ფენომენი, რომლის პროვოცირებას ხელს უწყობს სტრესი, ალკოჰოლური და ნარკოტიკული დამოკიდებულებები, ვინაიდან ისინი უქვეითებენ პირს რაციონალური აზროვნების უნარს.
ნაშრომი ასევე აფასებს იმ გამოწვევებს, რომლებსაც ქმნის საზოგადოებაში გამჯდარი სტერეოტიპები და პატრიარქალური მიდგომები. აღსანიშნავია, რომ ძალადობის აღკვეთას სერიოზულად აფერხებს მოქალაქეთა დაბალი ნდობა სამართალდამცავი ორგანოებისადმი და პოლიციის თანამშრომელთა არაჯეროვანი, გულგრილი რეაგირება, რაც პირდაპირ იწვევს ძალადობის მსხვერპლთა მეორად ვიქტიმიზაციას. ამდენად, რევიქტიმიზაციის პრევენცია კრიტიკულად დამოკიდებულია სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენელთა კვალიფიციურ და ემპათიურ მოქმედებაზე.
რაც შეეხება მოძალადის რესოციალიზაციას, მიუხედავად იმისა, რომ სარეაბილიტაციო კურსები კანონით გათვალისწინებულია, პრობლემად რჩება სამოქმედო გეგმის არარსებობა და ნარკოტიკსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულ პირთა რეაბილიტაციის პროგრამების არასაკმარისობა.
საკვანძო სიტყვები :
დანაშაული, დანაშაულის მსხვერპლი, დამნაშავის გამოსწორება, ნარკომანია, სტრესი, ალკოჰოლიზმი

