სააღსრულებო მედიაციის ინსტიტუტი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის იძულებითი აღსრულების პროცესში

აბსტრაქტი :

წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება სააღსრულებო მედიაციის ინსტიტუტის დანერგვის სამართლებრივ და პრაქტიკულ საკითხებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნების იძულებითი აღსრულების პროცესში. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში, სადაც ფართოდ არის გავრცელებული იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ურთიერთობები და შესაბამისად, მაღალია იძულებითი აღსრულების სტადიაზე არსებული სოციალური და სამართლებრივი რისკები. სააღსრულებო მედიაცია ქართულ სამართლებრივ სივრცეში პერსპექტიულ საკანონმდებლო მოდელს წარმოადგენს, რომლის სამართლებრივი ბუნება და ეფექტიანობა ამ ეტაპზე კომპლექსურად არ არის შესწავლილი.
ნაშრომის მიზანს წარმოადგენს „აღსრულების კოდექსის“ პროექტით გათვალისწინებული სააღსრულებო მედიაციის მექანიზმის ეფექტიანობის შეფასება, ასევე მოქმედი კანონმდებლობისა და შემოთავაზებული რეფორმის ანალიზის საფუძველზე მოსალოდნელი სამართლებრივი ხარვეზებისა და პრაქტიკული გამოწვევების პროგნოზირება. კვლევის პროცესში გამოყენებულ იქნა დოგმატური, შედარებითსამართლებრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები, რომლებიც ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობის, სასამართლო და სააღსრულებო პრაქტიკის, უცხოური სამართლებრივი მოდელების, საერთაშორისო რეკომენდაციებისა და სააღსრულებო სფეროს პრაქტიკოსებთან ჩატარებული ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუების ანალიზს.
კვლევის მიგნებებით გამოიკვეთა, რომ სააღსრულებო მედიაციის სპეციალური საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობის მიუხედავად, პრაქტიკაში მხარეთა შორის მორიგება აქტიურად გამოიყენება, თუმცა აღნიშნული პროცესი მოკლებულია ერთიან სამართლებრივ სტანდარტსა და ეფექტიან პროცედურულ მექანიზმებს. ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კრედიტორისა და მოვალის ინტერესთა ბალანსის, კონფიდენციალურობის პრინციპისა და მომავალში მიღწეული შეთანხმების იძულებითი აღსრულებადობის ურთიერთმიმართების პრობლემებს. საბოლოოდ, ნაშრომში შემოთავაზებულია სააღსრულებო მედიაციის მოდელის ეფექტიანი იმპლემენტაციისათვის აუცილებელი სამართლებრივი რეკომენდაციები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც საკანონმდებლო რეგულირების დახვეწის, ისე სააღსრულებო პრაქტიკის განვითარების პროცესში.

საკვანძო სიტყვები :

მოვალე, კრედიტორი, მხარეთა მორიგება, კონფიდენციალურობა, აღსრულებადობა, ინტერესთა ბალანსი

სრული PDF:

PDF