ზოგადი დებულებები
ჟურნალში სამეცნიერო სტატიების შერჩევა ხდება ღია კონკურსის წესით.
ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ორჯერ – ივლისში და დეკემბერში. შესაძლებელია, ასევე, დამატებით სპეციალური ნომრის გამოცემა.
სტატიების კონკურსი ცხადდება, ივლისის ნომრისათვის, 15 მარტიდან და გრძელდება 1 მაისამდე, ხოლო დეკემბრის ნომრისათვის – 10 სექტემბრიდან 1 ნოემბრამდე.
საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია სტატიების კონკურსის ვადის გახანგრძლივება.
კონკურსის თაობაზე განცხადების გამოქვეყნება
განცხადება კონკურსის გამოცხადების თაობაზე, ქვეყნდება ჟურნალის და გამომცემლის ვებგვერდზე, მთავარი რედაქტორის გადაწყვეტილებით, ასევე, სხვა სოციალური საშუალებებით.
კონკურსის თემატიკა
ჟურნალში გამოქვეყნებისთვის, კონკურსზე მიიღება სამეცნიერო სტატიები, აქტუალურ საკითხებზე, სამართლის, ადამიანის უფლებების და სახელმწიფო მართვის თემაზე, რომლებიც შეიცავენ მეცნიერულ სიახლეს და აქვთ მაღალი სამეცნიერო ღირებულება.
სტატიის ტექსტი არ შეიძლება იყოს მიმოხილვითი და შედგებოდეს მხოლოდ სხვადასხვა ავტორისგან ნასესხები მასალის, დამოუკიდებელი კვლევისა და საკუთარი რეკომენდაციებისა და დასკვნების გარეშე.
ავტორები
ჟურნალში გამოქვეყნებისთვის გამოცხადებულ კონკურსში, მიიღება სამართლის დარგის ქართველი და უცხოელი მეცნიერების/მკვლევარების და დოქტორანტების სამეცნიერო სტატიები.
გამონაკლის შემთხვევებში, კონკურსში მიიღება სხვა დარგის ავტორების სამეცნიერო სტატიები, ჟურნალის თემატიკაზე, მათი აქტუალობის, მნიშვნელობის და განსაკუთრებული სამეცნიერო ღირებულებების გათვალისწინებით.
სტატიების კონკურსზე შეიძლება წარმოდგენილ იქნეს როგორც ერთი, ისე რამდენიმე თანაავტორის მიერ შესრულებული სტატია.
თანაავტორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ოთხს.
თანაავტორობით წარმოდგენილი სტატიის გამოგზავნა და გამოქვეყნების მოთხოვნა შეუძლია ერთ-ერთ თანაავტორს სხვა თანაავტორთა სახელით, თუმცა თანაავტორები ვალდებული არიან თავიანთი ელფოსტებით ცალ-ცალკე გამოგზავნონ შევსებული „ავტორის დეკლარაცია“ და გზავნილში დაადასტურონ სტატიის თანაავტორობა. მხოლოდ ამის შემდეგ სტატია ჩაითვლება მიღებულად განსახილველად. წინააღმდეგ შემთხვევაში საკონტაქტო ავტორს ეცნობება, რომ მას უარი ეთქვა სტატიის მიღებაზე.
საკონტაქტო პირად მიიჩნევა სტატიის თავდაპირველად გამომგზავნი, შესაბამისად კომუნიკაცია განხორციელდება ამ პირთან.
რამდენიმე პირის თანაავტორობით წარმოდგენილ სტატიაში ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია (გარდა ტექნიკური ცვლილებებისა) მხოლოდ ყველა თანაავტორის თანხმობით.
სტატიების ენა
კონკურსზე შეიძლება წარმოდგენილ იქნას სამეცნიერო სტატიები ჟურნალში გამოსაქვეყნებლად, ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე (ინგლისურენოვან აბსტრაქტთან ერთად).
საავტორო უფლება
ჟურნალი იცავს შემოსულ და გამოქვეყნებულ მასალებზე მატერიალურ, თუ არამატერიალურ საავტორო უფლებებს.
რედაქციის მიერ სტატიის გამოქვეყნების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ავტორი ვალდებულია სტატიის გამოქვეყნებამდე ნაშრომზე განსაკუთრებული უფლება გადასცეს რედაქციას, რაც უნდა დაადასტუროს შესაბამის განცხადებაზე ხელმოწერით და რედაქციის მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი ლიცენზიის გადაცემით.
ლიცენზია არ გულისხმობს ავტორის არაქონებრივი უფლებების გადაცემას. ავტორებს უფლება აქვთ გადაამუშავონ საკუთარი ნაშრომები, თუმცა მათ ევალებათ, რომ ჟურნალი მიუთითონ როგორც პირველადი გამოცემის წყარო.
ჟურნალში ნაშრომები გამოქვეყნდება – creative commons ლიცენზიით ( CC BY SA).
აღნიშნული ლიცენზიის თანახმად შესაძლებელია ჟურნალში გამოქვეყნებული ნაშრომების გამოყენება ნებისმიერი, მათ შორის კომერციული მიზნებისათვის, მაგრამ წყაროს მითითების ვალდებულებით.
ამ ლიცენციით ნებისმიერი პირი უფლებამოსილია გააზიაროს, გაავრცელოს, გაუკეთოს რეპროდუქცია ჟურნალს და ჟურნალის ნაწილებს, მაგრამ ასევე წყაროს მითითების ვალდებულებით (მათ შორის ვებგვერდის მისამართის).
ჟურნალში გამოქვეყნებული მასალის ცვლილების შემთხვევაში აღნიშნულ პირებს ეკისრებათ ამ ცვლილების შესახებ მითითება.
ყველა ახალი ნაშრომი, რომელიც დაფუძნებული იქნება ამ ჟურნალში გამოქვეყნებულ მასალაზე, ლიცენზირებული უნდა იყოს იმავე პირობებით როგორც ჟურნალში მითითებული გამოყენებული მასალა.
ჟურნალში აღინიშნება creative commons ლიზენცის თაობაზე.
სტატიების მიღების წესი
ავტორი, საკონკურსო განცხადებით განსაზღვრულ ვადაში, აგზავნის სტატიას და ჟურნალის მიერ დადგენილ ავტორის დეკლარაციის ფორმას შევსებულს მიბმული ფაილის სახით ელ.ფოსტაზე info@heraldoflaw.com
სტატიების ატვირთვა და ჟურნალის ელ.ფოსტაზე გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ჟურნალის ვებგვერდზე.
ავტორი სტატიასთან ერთად, ასევე, აგზავნის მის შესახებ მოკლე ინფორმაციას და საკონტაქტო მონაცემებს, რომელიც შეინახება რედაქციის არქივში.
სტატია გამოგზავნილი უნდა იყოს დადგენილი სტატიების გაფორმების წესის შესაბამისად.
რედაქცია ამოწმებს წარდგენილი ნაშრომის შესაბამისობას, სტატიების გაფორმების დადგენილ წესთან.
რედაქცია არ მიიღებს და არ განიხილავს სტატიას, რომელიც არ იქნება ამ წესის დაცვით შესრულებული და რომელიც არ შეესაბამება სტატიების პუბლიკაციის ეთიკის სტანდარტებს. რედაქტორს, ასეთ შემთხვევაში, თუ საჭიროდ და შესაძლებლად ჩათვლის რეცენზენტებთან გაგზავნამდე, შეუძლია ავტორს მისცეს რეკომენდაციები და შესთავაზოს სტატიის გაფორმება დადგენილი წესის შესაბამისად, რისთვისაც მას განუსაზღვრავს დროს. ავტორის მიერ რედაქციის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინების შემთხვევაში, სტატია მიიღება განსახილველად.
სტატიის ჟურნალის რედაქციაში გამოგზავნით, ავტორი ადასტურებს, რომ ის გაცნობილია და ეთანხმება ჟურნალის სტატიების პუბლიკაციის ეთიკას, კონცეფციას, კონკურსის ჩატარების და სტატიების გაფორმების წესებს.
სტატიის გამოქვეყნების შემთხვევაში, ავტორი ნაშრომზე განსაკუთრებულ უფლებას გადასცემს რედაქციას.
ავტორმა, ჟურნალში სტატიის გამოქვეყნებამდე, საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში, დროულად უნდა აცნობოს მისი ახალი საკონტაქტო ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი შეტყობინება გაიგზავნება თავდაპირველ ელექტრონულ მისამართზე ან მის საკონტაქტო ტელეფონზე და ჩაითვლება ჩაბარებულად.
რედაქციის პასუხისმგებელი თანამშრომელი თავად დაუკავშირდება სტატიის ავტორს (რამდენიმე ავტორის მიერ წარმოდგენილი სტატიის შეთხვევაში კი ერთ –ერთ ავტორს).
სტატიების განხილვის წესი
ავტორის მიერ გამოსაქვეყნებლად წარდგენილი სტატია, შესაფასებლად, ეგზავნება ორ რეცენზენტს, რომელსაც ირჩევს მთავარი რედაქტორი ან მისი დავალებით რედაქტორი.
შეფასებას რეცენზენტი ახდენს სტატიის რეცენზირების დადგენილი წესის თანახმად.
სტატიის შეფასება წარმატებით გავლილად მიიჩნევა, ორივე დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.
ჟურნალში სტატიის შეფასება გახლავთ ორმხრივად (“double-blindpeer review”) ფარული (ანონიმური), ავტორმა არ იცის რეცენზენტების ვინაობა და რეცენზენტებმა არ იციან ავტორის ვინაობა.
კონკურსის შედეგები
ჟურნალში გამოქვეყნდება ის სტატიები, რომლებიც მიიღებენ ყველაზე მაღალ ქულებს რეცენზირების მიერ შეფასების შედეგად.
ჟურნალში გამოქვეყნდება სულ 15 სამეცნიერო სტატია.
სტატიების კონკურსს მიღმა დარჩენილი ნაშრომები, მათი ავტორების თანხმობის შემთხვევაში, მიიღებენ მონაწილეობას შემდეგ გამოცემისთვის გამოცხადებულ სტატიების კონკურსში. ამისთვის ავტორებს აღარ დასჭირდებათ თავიდან ამ სტატიების რედაქციაში გამოგზავნა. ასევე, აღნიშნული სტატიები აღარ გაივლიან რეცენზირებას და მათ უნარჩუნდებათ წინა კონკურსში რეცენზენტების მიერ შეფასებული ქულები.
დანართი
ავტორის დეკლარაციის ფორმა