არაპირდაპირი განზრახვის თავსებადობის საკითხი ფორმალურ დანაშაულებში (თავისუფლების უკანონო აღკვეთის განხილვის მაგალითზე)
აბსტრაქტი :
წინამდებარე სტატიაში განხილულია არაპირდაპირი განზრახვის თავსებადობის სამართლებრივი შესაძლებლობა ფორმალური სახის დანაშაულებში. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის სამართალში არაპირდაპირი განზრახვა, თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციის გათვალისწინებით, გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, რაც გამოიხატება იმაში, რომ ამ დროს დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი და ასევე მისგან გამომდინარე ალბათობის მაღალი ხარისხით მოსალოდნელი იმ მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობა, რომელიც მას რეალურად არ სურს, თუმცა, გარკვეულ გარემოებათა გამო, შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას. აღნიშნულიდან გამომდინარე, არაპირდაპირი განზრახვის განსაზღვრისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის შემადგენლობაში გათვალისწინებული შედეგისადმი დამნაშავის სუბიექტური დამოკიდებულების დადგენას. შესაბამისად, არაპირდაპირი განზრახვის სამართლებრივი რეალიზება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ მატერიალურ (შედეგიან) დანაშაულებში. ამდენად, საინტერესოა არაპირდაპირი განზრახვის თავსებადობის საკითხი ფორმალურ (შედეგგარეშე) დანაშაულებში, ვინაიდან ამ დროს შედეგი არ წარმოადგენს დანაშაულის შემადგენლობის ნიშანს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე სტატიაში, არაპირდაპირი განზრახვისა და ფორმალური დანაშაულების იურიდიული ბუნების გაანალიზების საფუძველზე, განხილულია მათი სამართლებრივი ურთიერთმიმართების შესაძლებლობის საკითხი.
საკვანძო სიტყვები :
გაცნობიერება, ქმედება, გულგრილობა, დაშვება, შედეგი