ფაქტორინგის ხელშეკრულების ახალი საკანონმდებლო რეგულირება საქართველოში
აბსტრაქტი :
2026 წლის 1 აპრილს საქართველოში მიღებულ იქნა „ფაქტორინგის შესახებ“ კანონი, რომელმაც უზრუნველყო ფაქტორინგის ხელშეკრულების სისტემური საკანონმდებლო მოწესრიგება და მისთვის ერთიანი ნორმატიული ჩარჩოს შექმნა. კანონის მიღებამდე ფაქტორინგთან დაკავშირებული ურთიერთობები სხვადასხვა საკანონმდებლო აქტის, საერთაშორისო კომერციული პრაქტიკისა და დოქტრინული მიდგომების საფუძველზე წესრიგდებოდა, რაც სამართლებრივ გაურკვევლობას წარმოშობდა და აღნიშნული ინსტიტუტის პრაქტიკულ გამოყენებას ზღუდავდა.
კვლევის მიზანი: სტატია იკვლევს ფაქტორინგის ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებას, საქართველოში მისი ახალი საკანონმდებლო რეგულირების მოდელსა და ფაქტორინგის ინსტიტუტთან დაკავშირებულ ძირითად დოქტრინულ საკითხებს.
მეთოდოლოგია: კვლევა ეფუძნება ნორმატიულ, ლოგიკურ-ანალიტიკურ, ინდუქციურ-დედუქციურ და შედარებით-სამართლებრივ მეთოდებს. კვლევის ფარგლებში გაანალიზებულია ფაქტორინგის მიმართ არსებული დოქტრინული შეხედულებები, მისი მიმართება მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ინსტიტუტთან და სხვადასხვა სამართლებრივ სისტემაში ჩამოყალიბებული პრაქტიკა.
შედეგები: კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე იკვეთება, რომ ფაქტორინგი აერთიანებს მოთხოვნის დათმობის (ცესიის), ფინანსური მომსახურებისა და დაკრედიტების ელემენტებს, რაც განაპირობებს მისი სამართლებრივი ბუნების მიმართ განსხვავებულ ინტერპრეტაციებს. ამასთან, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ფაქტორინგი სცდება კლასიკური ცესიის ფარგლებს და თანამედროვე ფინანსურ ბრუნვაში დამოუკიდებელი ფუნქციური დატვირთვის მქონე ინსტიტუტად ვითარდება. კვლევის შედეგები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ფაქტორინგის სამართლებრივი კვალიფიკაციის, სასამართლო და საბანკო პრაქტიკის სრულყოფის, აგრეთვე ფინანსური ზედამხედველობის სტანდარტების განვითარების პროცესში. ამასთან, ახალი საკანონმდებლო მოდელი ქმნის დებიტორული მოთხოვნების ბრუნვისა და ფინანსური რისკების განაწილების უფრო სტაბილურ, გამჭვირვალე და პროგნოზირებად სამართლებრივ საფუძველს.
საკვანძო სიტყვები :
სამართლებრივი ბუნება; მოთხოვნის დათმობა (ცესია); დებიტორული მოთხოვნა; ფაქტორინგული კომპანია; ლიცენზირება; ფინანსური ზედამხედველობა

