ოჯახში ძალადობის ანატომია: თეორიული პარადიგმები, ფორმები, სუბიექტები და ლატენტურობის პრობლემა
აბსტრაქტი :
ოჯახში ძალადობის პრობლემის გადაჭრა დღემდე აქტუალურ საკითხს წარმოადგენს დღევანდელ მსოფლიოსა და, შესაბამისად, საქართველოშიც. გახშირებული ძალადობის ფაქტების საპირწონედ არაერთი საჭირო და მნიშვნელოვანი ცვლილება-დამატებები შევიდა ქართულ კანონმდებლობაში, თუმცაღა, მიუხედავად ზემოაღნიშნული მცდელობისა, დანაშაულის სტატისტიკა კვლავაც მზარდია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, გამოვიკვლიოთ ოჯახში ძალადობის საკითხი და გავაანალიზოთ პრობლემის რაობა მისი ეფექტიანი კონტროლისათვის.
წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს ოჯახში ძალადობის საკითხის შესწავლას; განსაკუთრებით, კი მისი თეორიული საფუძვლების, განხორციელების ფორმების, სუბიექტებისა და ლატენტური ხასიათის. ნაშრომში გაანალიზებულია ოჯახში ძალადობის შესწავლის ძირითადი თეორიული პარადიგმები, მათ შორის ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური მიდგომები, რომლებიც განმარტავენ ძალადობის წარმოშობისა და განვითარების მექანიზმებს.
თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, კვლევის ფარგლებში გამოყენებულია ისტორიული, მიმოხილვითი, სისტემური და ფორმალურ-ლოგიკური მეთოდები, რომლებიც საშუალებას იძლევა სისტემურად და შინაარსობრივად შეფასდეს საკვლევი თემის აქტუალური პრობლემები.
სტატიაში განხილულია თეორიები ოჯახში ძალადობის შესახებ, დეტალურადაა გაანალიზებული ოჯახში ძალადობის ტიპოლოგია, რომელიც მოიცავს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ, ეკონომიკურ ძალადობას, იძულებას და უგულებელყოფას. ნაშრომში კრიტიკულად გაანალიზდა ოჯახში ძალადობის კანონით გათვალისწინებული სუბიექტები და გამოიკვეთა არსებული ხარვეზები. გააზრებულია ოჯახში ძალადობის ლატენტურობის პრობლემა. ასევე, განხილულია ძალადობის ფაქტების გამოვლენის არსებული მეთოდები და სუბიექტთა იდენტიფიცირებისა და სტატუსის მინიჭების პროცედურები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირების ეფექტური მიდგომების შემუშავებას.
საკვანძო სიტყვები :
ძალადობა, სუბიექტები, პრევენცია