საქართველოს მთავრობის კონსტიტუციური სტატუსი და წარმომადგენლობა საგარეო ურთიერთობებში
აბსტრაქტი :
აღმასრულებელი ხელისუფლების სტატუსი და ძალაუფლება რესპუბლიკურ სისტემაში განისაზღვრება სახელმწიფო მმართველობის ფორმის მიხედვით. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის როლიც განსხვავებულია. საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულია საპარლამენტო დემოკრატიისთვის დამახასიათებელი მთავრობის ფორმირების, საქმიანობისა და უფლებამოსილების შეწყვეტის კაბინეტური პრინციპი, რომელიც გულისხმობს პარლამენტის მიერ მთავრობის ერთიანად ფორმირებას და თავის მხრივ, მთავრობის პარლამენტის წინაშე ერთიან პასუხისმგებლობას. შესაბამისად, არ არის გათვალისწინებული ცალკეული მინისტრის პასუხისმგებლობისა და გადაყენების პროცედურა, რომელიც ემსახურება მთავრობის სტაბილურობის უზრუნველყოფას.
საქართველოს მთავრობა წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მისი უფლებამოსილება სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სფეროში არის უნივერსალური, რადგან მის გამგებლობაში შედის აღმასრულებელი უფლებამოსილებების სრული სპექტრი, როგორებიცაა საგარეო ურთიერთობები, სახელმწიფო ფინანსები, სახელმწიფო უსაფრთხოება, თავდაცვა, ეკონომიკა, გარემოს დაცვა, რეგიონული განვითარება, განათლება, კულტურა, ჯანდაცვა და სხვა.
წინამდებარე კვლევა ორიენტირებულია წარმოაჩინოს მმართველობის მოდელების თავისებურებანი, საკონსტიტუციო ნორმების ინტერპრეტაციის ფარგლები და ამ უკანასკნელთან დაკავშირებული გამოწვევების არსი. სადისერტაციო ნაშრომში გამოყენებულ იქნა კვლევის ზოგადმეცნიერული მეთოდები, მათ შორის უნდა გამოიყოს ლოგიკური აზროვნების, სისტემური შემთხვევის ანალიზის, შედარებით-სამართლებრივი, აღწერილობითი, ისტორიული და ნორმატიული კვლევის მეთოდები.
და ბოლოს, სტატიაში შეფასებულია ხელისუფლების სამწვეროვანი დაყოფისა და მმართველობის მოდელით დადგენილი კონსტიტუციური სტანდარტი აღმასრულებელი ხელისუფლების სტატუსთან და საგარეო წარმომადგენლობის უფლებამოსილების ფარგლებთან დაკავშირებით.
საკვანძო სიტყვები :
საქართველოს კონსტიტუცია, მმართველობის სისტემა, საერთაშორისო წარმომადგენლობა, აღმასრულებელი ხელისუფლება