ცნობილი გერმანელი პროფესორის ბერნდ ჰაინრიხის მოლოცვა სამართლის მაცნეს

ცნობილი გერმანელი პროფესორის ბერნდ ჰაინრიხის მოლოცვა სამართლის მაცნეს

მოხარული  ვარ, რომ ჩემი ყურადღება მიიქცია 2020 წლის ივლისის „სამართლის მაცნეს“ პირველმა გამოცემამ და მინდა მივულოცო „სამართლის მეცნიერთა კავშირს“ ასეთი მიღწევის გამო.

ონლაინ ჟურნალის დაფუძნება საქართველოში დიდი წამოწყებაა და, ჩემთვის უდიდესი პატივია მონაწილეობა მივიღო და საკუთარი წვლილი შევიტანო ამ ჟურნალის მუშაობაში როგორც სარედაქციო კოლეგიის წევრმა ბევრ ქართველ მეცნიერთან ერთად,  რომელთაგან ზოგიერთს კარგად ვიცნობ პირადად. რეცენზირებადი ჟურნალის იდეა  წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ვინაიდან, იგი გათვლილია არა მხოლოდ ქართველ, არამედ, უცხოელ სამართლის მეცნიერებზე, ჟურნალის საერთაშორისო და მულტილინგვისტური ხასიათიდან გამომდინარე. ის არა მხოლოდ საქართველოს ევროპისკენ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს, არამედ, დაეხმარება სხვა სამართლის სისტემებს აიღონ მაგალითი საქართველოსგან. ეს კი შემდგომში საქართველოს საერთაშორისო ინტეგრაციასა და შედარებითი სამართლის განვითარებას შეუწყობს ხელს. დამატებით, „სამართლის მაცნე“  შექმნის და განავითარებს  ქართულ  პლატფორმას გაცვლითი პროექტებისთვის აკადემიურ სფეროში.

რამდენიმე წლის წინ განვახორციელეთ  მსგავსი პროექტი, კერძოდ,  გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ჟურნალი (DGStZ), რომელიც ორიენტირებული იყო გერმანული და ქართული სისხლის სამართლის შედარებითი ანალიზზე. ეს ჟურნალიც ონლაინ იყო გამოცემული. თუმცა, „სამართლის მაცნე“ უფრო მეტს ნიშნავს, ის მოიცავს სამართლის ყველა სფეროს და გაცილებით მეტად  არის ორიენტირებული საერთაშორისო მასშტაბზე.

ჟურნალის პირველი გამოცემა შვიდ წარმატებულ სტატიას მოიცავს, რომლებიც მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებს შეეხება. სტატიები უმეტესად ახალგაზრდა სამართლის მეცნიერთა მიერაა დაწერილი და ნამდვილად ღირს ამ შესანიშნავად შესრულებული ნაშრომების წაკითხვა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და „სამართლის მაცნეს“ შემდგომი გამოცემები გაცილებით მეტ საინტერესო სტატიებს შემოგვთავაზებს, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი და წაკითხვადი.

გილოცავთ!

 

სამართლის დოქტორი, თიუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორი,

ბერნდ ჰაინრიხი