შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წილის ცნების შედარებითი სამართლებრივი ანალიზი

აბსტრაქტი :

ნაშრომი შეეხება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) წილის ცნებას. კვლევის მიზანია გააანალიზოს შპს-ის წილის არსი და ბუნება სტატიაში გამოყენებული იურიდიული ლიტერატურისა და საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე და, შედეგად, ჩამოაყალიბოს შპს-ის წილის ცნება. ამ მიზნით, ნაშრომში გაანალიზებულია შპს-ის წილის მომწესრიგებელი ნორმები, შპს-ის წილი, როგორც სუბიექტური უფლება და მოვალეობა, შპს-ის წილი, როგორც მიმოქცევადი უფლება, მისი მიმართება შპს-ის კაპიტალთან, ასევე, შპს-ის წილი შედარებულია სს-ის აქციასთან და დახასიათებულია შპს-ის წილთა სახეები და კლასები. ამასთან, ნაშრომი შეიცავს საქართველოს, გერმანიის, რუსეთის, აშშ-სა და ინგლისის სამართლის შედარებით-სამართლებრივ და ნორმატიულ-სამართლებრივ ანალიზს.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს-ის წილი არის შპს-ის პარტნიორის სტატუსიდან გამომდინარე შპს-ში მონაწილეობის სუბიექტური უფლება, რომელიც  პარტნიორის უფლებათა და მოვალეობათა ერთობლიობისაგან შედგება. შპს-ში მონაწილეობის (პარტნიორის უფლებებისა და მოვალეობების) ფარგლები დამოკიდებულია პარტნიორის წილის მოცულობაზე, თუმცა შპს-ის წესდებით შესაძლებელია მასში დისბალანსის შეტანა (მაგალითად, სხვადასხვა კლასის წილების გამოშვების გზით). შპს-ის წილი მიმოქცევადი უფლებაა – სამოქალაქო ბრუნვის განსაკუთრებული ობიექტი. მიმოქცევისას შპს-ის წილით პარტნიორისათვის მინიჭებული უფლება-მოვალეობები განუყოფელია და გადადის ერთობლივად, ანუ ამ უფლება-მოვალეობათა ცალ-ცალკე გადასვლა (გადაცემა) დაუშვებელია. შპს-ის წილის განკარგვასთან დაკავშირებით სამართალში განმტკიცებულია თავისუფალი მიმოქცევის პრინციპი. თუმცა ამ პრინციპის შეზღუდვა შესაძლებელია როგორც სპეციალური კანონმდებლობით, ისე შპს-ის წესდებით. ასეთი შეზღუდვის გავრცელებული სახეა საზოგადოების თანხმობა და უპირატესი შესყიდვის უფლება. შპს-ის წილი სამოქალაქო ბრუნვის ობიექტის ხასიათთან დაკავშირებით სს-ის აქციის მსგავსია. ამასთან, მათ შორის არსებობს განსხვავებები, რომლებიც გამოიხატება მონაწილეობის უფლების უზრუნველყოფის სახეში და ზომაში, სს-ის აქციონერებთან შედარებით შპს-ის პარტნიორთა უფრო მჭიდრო, პირად კავშირში.

 

საკვანძო სიტყვები :

პარტნიორი, უფლებამოსილება, კაპიტალი

სრული PDF:

PDF