მექრთამეობისა და ზეგავლენით ვაჭრობის გამიჯვნის პრობლემატური ასპექტები
აბსტრაქტი :
წინამდებარე სტატიის მიზანია, წარმოაჩინოს მექრთამეობისა და ზეგავლენით ვაჭრობის ურთიერთმიმართების პრობლემატური საკითხები. ცნობილია, რომ არსებობს კორუფციული დანაშაულის გამოვლინების მრავალი სახე, თუმცა მისი გამოვლენის ქვაკუთხედია მექრთამეობა, აგრეთვე აქტუალურია ჩვენს კანონმდებლობაში სამოხელეო დანაშაულის შედარებით ახალი სახე – ზეგავლენით ვაჭრობა, რომელიც, მართალია, არაა კორუფციული დანაშაული, მაგრამ ქვეყანაში ქმნის კორუფციის ფონს. ზეგავლენით ვაჭრობის მუხლით კიდევ უფრო გაფართოვდა კორუფციასთან ბრძოლის სამართლებრივი სივრცე. კერძოდ, მისი მოქმედების იურიდიული ფარგლები ვრცელდება იმ ქმედებებზე, რომლებიც, თავის მხრივ, არ ექცევა ქრთამის აღებისა და მიცემის დანაშაულთა ნორმატიულ არეალში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მექრთამეობისა და ზეგავლენით ვაჭრობის შემადგენლობებს გააჩნიათ საერთო და უმეტესწილად კი განმასხვავებელი ნიშნები. შესაბამისად, სამართალშეფარდების პროცესში საკმაოდ პრობლემატურია აღნიშნულ დანაშაულთა ერთმანეთისაგან სწორად გამიჯვნის საკითხები, კერძოდ, სასამართლო პრაქტიკაში პრობლემურია სწორედ „თანამდებობრივი ავტორიტეტიდან“ და ნათესაური ან მეგობრული ურთიერთობიდან განხორციელებული ზეგავლენის გამიჯვნა, რის გამოც ხშირია აღნიშნულ მუხლთა აღრევისა და ქმედებისათვის არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მიცემის შემთხვევები, რომლებიც თავის მხრივ წარმოშობს სრულიად განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს. აღნიშნული შემთხვევები დაუშვებელია და მით უფრო იმ პირობებში, რომ ქრთამის აღება წარმოადგენს მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ხოლო ზეგავლენით ვაჭრობა კი – ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს.
ამდენად, სტატიაში, სასამართლო პრაქტიკის მაგალითებზე დაყრდნობით, გაანალიზებულია მექრთამეობისა და ზეგავლენით ვაჭრობის დანაშაულთათვის დამახასიათებელი ის ძირითადი ასპექტები, რომლებიც წარმოადგენს მათი გამიჯვნის ფუნდამენტურ სამართლებრივ საფუძვლებს.
საკვანძო სიტყვები :
მოხელე, ავტორიტეტი, ზემოქმედება