არასრულწლოვანთა მიმართ ინტერნეტსივრცის გამოყენებით ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების თავისებურებები და ზრდის გამომწვევი ფაქტორები
აბსტრაქტი :
სტატიაში განხილულია ინტერნეტსივრცის გამოყენებით არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი არაძალადობრივი სქესობრივი დანაშაულების თავისებურებები. ავტორის მოსაზრებით, ციფრული ტექნოლოგიების ერაში ინტერნეტისა და ვირტუალური კომუნიკაციის საშუალებების განვითარებამ, ამ ხასიათის დანაშაულების მატების კუთხით, ნეგატიური როლი ითამაშა. იგი გადაიქცა ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისა და მათ მიმართ არაძალადობრივი სქესობრივი ხასიათის დანაშაულების განხორციელების მთავარ წყაროდ და გამომწვევად. პრობლემის შესწავლისა და ანალიზის შედეგად იდენტიფიცირებულია დანაშაულის ზრდის ტენდენციები და ფაქტორები, კერძოდ: 1. საზოგადოების მენტალიტეტი, რომელიც გულისხმობს დაზარალებულთა მიმართვიანობის სიმცირეს (ჩადენილი დანაშაულების სხვადასხვა მოტივით გაუმჟღავნებლობის სურვილი), რაც, ფაქტობრივად, დანაშაულის ფაქტების დამალვაში გამოიხატება; 2. არასრულწლოვანთა და მშობელთა საფრთხეების შესახებ ინფორმირების მიზნით შესაბამისი პროფილაქტიკურ-შემეცნებითი პროექტებისა და ღონისძიებების არარსებობა; 3. მშობლების მხრიდან სოციალურ ქსელებში არასრულწლოვანთა ყოფნის დროის შემზღუდავი და მავნე ზეგავლენის მქონე გვერდების ბლოკირების პროგრამების, მეთოდებისა და ხერხების ცოდნის დაბალი დონე; 4. ინტერნეტში დიდი რაოდენობით ხელმისაწვდომი, გაუფილტრავი ეროტიკული და პორნოგრაფიული კონტენტების არსებობა; 5. სოციალურ ქსელებში ანონიმურად რეგისტრაციის შესაძლებლობა, ყოველგვარი მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის გარეშე; 6. სამართალდამცავთა მიერ ციფრული სივრცის ეფექტური კონტროლის არარსებობა არასრულწლოვნებზე ნეგატიური ზემოქმედებისა და გავლენების მქონე ვებ-გვერდებისა და კონტენტების გამოვლენის კუთხით; 7. ინტერნეტსივრცეში არასრულწლოვანთა საშუალო აქტივობის არასასურველი ზრდა; 8. არასრულწლოვანთა მიერ საკუთარი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალის გაუცნობიერებლად და გაუაზრებლად ატვირთვის მაჩვენებლის ზრდა; 9. ელექტრონული პლატფორმების ზრდის ტენდენცია, სადაც განთავსებული ფოტო/ვიდეო მასალების ნახვებისა და ე.წ. ,,ლაიქების“ დაგროვებით შესაძლებელია ფინანსური სარგებლის მიღება, 10. მოზარდის აღზრდა-განვითარების პროცესში მშობლების მხრიდან არასათანადო კონტროლი და ჩართულობა; 11. დაზარალებულთა გაუცნობიერებული ქმედებების შედეგად მტკიცებულებათა განადგურებისა და მათი მოპოვება-დამაგრების პრობლემატიკა. მიმოხილულია, ინტერნეტსივრცის გამოყენებით, არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისა და სხვა თანმდევი დანაშაულების ჩადენის ხერხები და მეთოდები. ავტორის დასკვნითი პრობლემა გლობალურია და ის განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
საკვანძო სიტყვები :
სოციალური ქსელი, პირადი ცხოვრება, გარყვნილი ქმედება