საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) გავლენა მუნიციპალური სერვისების ხარისხზე საქართველოში და მათი შესაბამისობა კარგ მმართველობასთან

აბსტრაქტი :

სტატია წარმოადგენს მცდელობას, ერთი მხრივ, გააანალიზოს თუ რა ნაბიჯები იდგმება ადგილობრივი საჯარო სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით საქართველოში და გამოკვეთოს ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივ დონეზე შემუშავებული და მიწოდებული საჯარო სერვისების ხარისხის მიმართება საჯარო მმართველობასთან, ხოლო, მეორე მხრივ, შეადაროს ის აკადემიურ სივრცეში აღიარებულ სამეცნიერო თეორიებსა და კარგ პრაქტიკებს.
სტატიაში გაანალიზებულია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ, საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, გადადგმული ნაბიჯების გავლენა ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ შემუშავებულ და მიწოდებულ საჯარო სერვისებზე.
განხილულია საჯარო სერვისების ხარისხის განმსაზღვრელი მოდელები და საჯარო მმართველობის კარგი პრაქტიკა. სტატია მიანიშნებს, რომ საჯარო მმართველობის რეფორმა მეტწილად ორიენტირებულია სახელმწიფო სერვისებზე, ხოლო მუნიციპალურ სერვისებს ეხება მხოლოდ მცირე დოზით.
მუნიციპალური საჯარო სერვისები კვლავაც ვერ აკმაყოფილებენ მინიმალურ სტანდარტს და რიგი სერვისების მისაწვდომობა რეგიონულ დონეზე კვლავ პრობლემურია.
ზემოთ ხსენებული პრობლემური საკითხების არსებობას ადასტურებს ის გარემოებები, რომ, მაგალითად: დღეის მდგომარეობით არ არსებობს სერვისების დიზაინირებისა და მიწოდების მკაფიოდ გაწერილი პროცესები და პროცედურები, არ მიმდინარეობს მიწოდებული სერვისების ხარისის შეფასება, არ ხორციელდება მოსახლეობის გამოკითხვა მიწოდებული სერვისების ხარისხის შესახებ აზრის დასაფიქსირებლად და მის შედეგებზე დაყრდნობით სერვისების რედიზაინირება. ასევე შეზღუდულია ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსური წყარო/რესურსი მრავალფეროვანი სერვისების ხარისხიანად მიწოდებისთვის.
რამდენადაც საჯარო მართვა საჯარო პოლიტიკის შემუშავებასა და მართვასთან ერთად გულისხმობს მოქალაქეთათვის საჯარო სერვისების მიწოდებას, ცხადია, საჯარო სერვისების დაბალი ხარისხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია საჯარო მმართველობის არსებული მოდელის შეფასებისთვის და მისი არაეფექტურობის მაჩვენებელია.
წინამდებარე სტატია საინტერესოა ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საჯარო მართვის საკითხებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის.

საკვანძო სიტყვები :

თვითმმართველობა, დეცენტრალიზაცია, მომსახურება

სრული PDF:

PDF