ფორმალური კონსტიტუციური კონტროლი – კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი

აბსტრაქტი :

2017 წელს საქართველოში განხორციელებულმა საკონსტიტუციო რეფორმამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებზე. მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების ფონზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაკარგა ფორმალური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. სტატიის პირველ ნაწილში საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე შესწავლილია, თუ რამდენად შესაძლებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის ფარგლებში განახორციელოს სრული ფორმალური კონტროლი.
სტატიის მეორე ნაწილი ეფუძნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების სისტემურ და ლოგიკურ ანალიზს და სავსებით წარმოაჩენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომას საკონსტიტუციო კონტროლის სპეციფიკურ სახესთან, მის ფორმალურ კონტროლს. ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დამდგენი კონსტიტუციური ნორმები ზოგჯერ მოითხოვენ, რომ ძირითად უფლებაში ჩარევა განხორციელდეს კონკრეტული სამართლებრივი ფორმის დაცვით, მაგალითად: მხოლოდ კანონით ან ორგანული კანონით. ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, როდესაც საკითხი უშუალოდ მოწესრიგებულია კანონით/ორგანული კანონით ან მაშინ, როდესაც კანონმდებელმა კანონის საფუძველზე მოაწესრიგა საკითხის უფლებამოსილების დელეგირება. თავის მხრივ, დელეგირების კონსტიტუციურად მიჩნევისათვის ის უნდა აკმაყოფილებდეს მთელ რიგ კრიტერიუმებს. სტატიის მეორე ნაწილში წარმოჩენილია სწორედ ეს კრიტერიუმები და სისტემატიზებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის სიღრმისეული კვლევის შედეგები.

საკვანძო სიტყვები :

დელეგირება, ფორმალური, კონსტიტუცია

სრული PDF:

PDF