„ჰიბრიდული ომი – ომის ახალი ფილოსოფია თუ ახალი ტერმინი“

აბსტრაქტი :

ინფორმაციულმა ეპოქამ, თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურმა და გეოსტრატეგიულმა პროცესებმა გამოიწვია ცვლილებები, რამაც განაპირობა სამეცნიერო სფეროს გააქტიურება, მათ შორის, მიმდინარეობს როგორც ომის წარმოების ხელოვნების, ისე მთლიანად ომის ფილოსოფიის გადაფასება. ამ პროცესს სათავე დაუდო კაცობრიობის განვითარებაში მომხდარმა უდიდესმა მოვლენამ, ინდუსტრიულიდან ინფორმაციულ ეპოქაში გადასვლამ, კაცობრიობის განვითარების სტრატეგიულ რესურსად ინფორმაციის გადაქცევამ, შესაბამისად ახალი საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების არნახულმა განვითარებამ, რამაც გააჩინა თანამედროვე ომებში სხვადასხვა ინტენსივობით განსხვავებული სტრატეგიების, მეთოდებისა და ფორმების გამოყენების განუსაზღვრელი შესაძლებლობა. ამ სიახლეებმა ომებისა და უშიშროების ტრადიციულ გაგებასთან ერთად, წარმოშვა ახალი ტერმინოლოგიაც, მათ შორის, ინფორმაციული, ჰიბრიდული, არაკონვენციური, ასიმეტრიული და სხვ. რაც შეეხება ტერმინს „ჰიბრიდული ომი“, არის ინფორმაციული ეპოქის შესაბამისად, კარგად მიგნებული და მომგებიანად „შეფუთული“ სიტყვათა წყობა. ამიტომაც სხვებთან შედარებით მოიპოვა მეტი პოპულარობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი სათანადოდ ვერ ასახავს ინფორმაციულ ერაში გაჩენილი ომის ანუ ეპოქის შესატყვისი ომის შინაარსს, იმ არსებით ფაქტორს, რამაც განაპირობა ახალი ეპოქის დასაწყისი, ანუ, როდესაც საზოგადოების განვითარების ძირითადი სტრატეგიული რესურსი არა ქვანახშირი და ფოლადია (ჯავშნის საწარმოებლად), არამედ არის ინფორმაცია. როდესაც მიმდინარეობს ომის არსებითი ტრანსფორმირება ინფორმაციულ ომად, იცვლება მისი ხასიათი და შინაარსი, წარმოების წესები (სულ ცოტა ხანში კი იმდენად შეიცვლება, რომ ძალიან მცირე რამ ექნება საერთო ომის ტრადიციულ გაგებასსთან), სადაც ომის შინაარსს განსაზღვრავს ინფორმაციის ფლობა-მანიპულირებისა და თანამედროვე საინფორმაციო, ტელესაკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები. აქედან გამომდინარე, შესაბამისად, თანამედროვე ეპოქის შინაარსის განმსაზღვრელი ფაქტორი – „ინფორმაცია“, ფართო გაგებით, არის თანამედროვე ომების შინაარსის განმსაზღვრელიც, საფუძველიც და ამოსავალიც. თანამედროვე ომის ტერმინი როგორი სახეცვლილებითაც უნდა მოგვევლინოს, მისი არსებითი განმსაზღვრელიდან გამომდინარე, მას ტერმინის ფართო გაგებით, ეწოდება ინფორმაციული ომი.

საკვანძო სიტყვები :

ინფორმაციული, ეპოქა, ტექნოლოგიები

სრული PDF:

PDF