პირადი ჩანაწერი, როგორც პირადი ცხოვრების უფლების შემადგენელი კომპონენტი, პიროვნული უფლებების სამართლებრივი დაცვის ჭრილში

აბსტრაქტი :

პიროვნული უფლებების სამართლებრივი შინაარსის უკეთ წვდომისა და დაცვის მექანიზმების სრულყოფის პროცესში განსაკუთრებით საინტერესოა პიროვნული უფლებით დაცული ცალკეული სფეროების ანალიზი, განსაკუთრებით კი ლეგიტიმური მიზნის შესაბამისად პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ ამ სფეროში ჩარევის მართლზომიერების შემოწმება. სამართლებრივი პრობლემის სრულყოფილი წვდომისთვის მნიშვნელოვანია პირადი ცხოვრების უფლების განხილვა როგორც საჯარო, ისე კერძოსამართლებრივი განზომილების ფარგლებში და მათი ურთიერთმიმართების დადგენა.

პიროვნული უფლებების და განსაკუთრებით პირადი ცხოვრების მრავალმასშტაბიანი და რთული მოცულობიდან გამომდინარე, დაცულ სფეროში ჩარევის ლეგიტიმურობის შესამოწმებლად მიზანშეწონილია საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული გამიჯვნის კრიტერიუმის – კერძოდ, იურიდიულ დოქტრინაში ცნობილი სფეროთა თეორიის გამოყენება. თეორია საშუალებას იძლევა პირადი ცხოვრების უფლება გაანალიზებულ იქნეს სხვადასხვა განზომილების ფარგლებში დაცვის განსხვავებული სტანდარტების უზრუნველყოფით. ამასთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკის ანალიზს კი სააშკარაოზე გამოაქვს ყველა ის სირთულე, რომელიც ცალკეული შემთხვევების კონკრეტულ (კერძო და ინტიმურ) სფეროში მოთავსებას უკავშირდება, რათა დადგინდეს შესაძლებელია თუ არა პირადი ჩანაწერის აბსოლუტურად დაცულ ინტიმურ სფეროდ მოსაზრება.

დოქტრინალური ანალიზის შედეგად იკვეთება სხვადასხვა მოსაზრება, რომელიც აფერხებს საკითხის ირგვლივ ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. კვლევა ეფუძნება იურიდიული დოქტრინისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზს. ნაშრომში წარმოჩენილია სხვადასხვა სამართლებრივი სისტემის მიერ შემუშავებული კონცეპტუალური მიდგომები და ქართული საკანონმდებლო მოწესრიგების პერიპეტიები შედარებითსამართლებრივ ჭრილში, რათა დადგინდეს, სარგებლობს თუ არა პირადი ცხოვრების კონკრეტული სფეროები აბსოლუტური დაცვით და რა გარემოებები იძლება აღნიშნულ სფეროში ლეგიტიმურად ჩარევის შესაძლებლობას.

საკვანძო სიტყვები :

კერძო, პიროვნული, სფერო

სრული PDF:

PDF