სამეწარმეო საზოგადოების რედომიცილება „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის მიხედვით
აბსტრაქტი :
ნაშრომში გამოკვლეულია რედომიცილების არსი და მნიშვნელობა, მისი განხორციელების წინაპირობები, რედომიცილების პროცესი, სამართლებრივი შედეგები და შესაბამისი პრობლემატიკა „მეწარმეთა შესახებ“ 2021 წლის 2 აგვისტოს საქართველოს ახალი კანონის რეგლამენტაციის გათვალისწინებით.
სტატიაში გამოკვლეულია მხოლოდ რედომიცილების სამართლებრივი მხარე და არა რედომიცილებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, როგორებიცაა, მაგალითად, საგადასახადო დაბეგვრისა და საინვესტიციო საქმიანობის საკითხები, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზოგადად, შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი და მიმზიდველი საინვესტიციო გარემო საწარმოსთვის რედომიცილების განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოტივატორია.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ „მეწარმეთა შესახებ” ახალ კანონში რედომიცილება, ძირითადად რეგლამენტირებულია 1994 წლის 28 ოქტომბრის „მეწარმეთა შესახებ” კანონის მსგავსად. კერძოდ, მსგავსია რედომიცილების შინაარსი, რედომიცილების დამაბრკოლებელი გარემოებები, განხორციელების პროცესი, სამართლებრივი შედეგები. სრულყოფილი და მკაფიო სამართლებრივი რეგულირების მნიშვნელოვან ხელისშემშლელ გარემოებად უნდა მივიჩნიოთ რედომიცილების განხორციელების მკაფიო პროცედურის არარსებობა, რაც, თავის მხრივ, რედომიცილების პრაქტიკული განხორციელების ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია. გარდა ამისა, უცხოური კომპანიების ნაკლები ინტერესი რედომიცილების მიმართ ალბათ უნდა აიხსნას იმითაც, რომ საქართველოში ახალი კომპანიის დაფუძნება ან ფილიალის გახსნა უფრო მიმზიდველია დაფუძნების სიმარტივის გამო, ვიდრე რედომიცილება, რომელიც გაცილებით რთული სამართლებრივი პროცედურაა. სამომავლო ამოცანაა რედომიცილების სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერება, კერძოდ, რედომიცილების განხორციელების მკაფიო წესისა და პირობების მომწესრიგებელი კანონქვემდებარე აქტის მიღება, რომელიც ახალმა მეწარმეთა შესახებ კანონმა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის ფორმით განსაზღვრა. ასევე მნიშვნელოვანია კომპანიის თანამშრომელთა მიმართ მათი უფლებების დაცვის შესაბამისი გარანტიების შემოღება რედომიცილების შემთხვევაში.
საკვანძო სიტყვები :
გარდაქმნა, რეორგანიზაცია, ადგილსამყოფელი