ოჯახში ძალადობის სამართლებრივი რეგულირება საქართველოში
აბსტრაქტი :
ოჯახში ძალადობა თანამედროვე სამყაროს გამოწვევას წარმოადგენს და გამონაკლისი არც საქართველოა. ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა ოჯახში ძალადობის ფაქტები და მიუხედავად სახელმწიფოს მცდელობისა, აღკვეთოს ოჯახში ძალადობა, რისთვისაც არაერთი საჭირო საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, საკმარისი არ არის და სტატისტიკა სულ უფრო მზარდია. შესაბამისად მნიშვნელოვანია, გაანალიზდეს თანამედროვე და აქტუალური მიდგომები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისათვის.
წინამდებარე სტატიის მიზანია, შეძლებისდაგვარად წარმოაჩინოს და ასახოს მეტად პრობლემატური და მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ახასიათებს ოჯახში ძალადობას თანამედროვე საქართველოში. გამოკვეთოს და ახლებურად გააანალიზოს ის დადებითი და უარყოფითი ასპექტები, რომლებიც დამახასიათებელია დღევანდელი ქართული საზოგადოების, სახელმწიფო უწყებების, საკანონმდებლო ბაზისა თუ ოჯახში ძალადობის მონაწილეთათვის, რათა ეფექტურად აღიკვეთოს ოჯახში ძალადობა.
საკვლევი თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, კვლევის ფარგლებში გამოყენებულია ისტორიული, მიმოხილვითი, შედარებით-სამართლებრივი, სისტემური და ფორმალურ-ლოგიკური მეთოდები, რომლებიც საშუალებას იძლევა სისტემურად და შინაარსობრივად შეფასდეს საკვლევი თემის აქტუალური პრობლემები.
სტატიაში განხილულია ოჯახში ძალადობის არსი და ძალადობის ფორმები. გაანალიზებულია ოჯახში ძალადობის მაპროვოცირებელი მიზეზები და ფაქტორები. კრიტიკულად შეფასდა არსებული საკანონმდებლო ბაზა და გამოიკვეთა არსებული ხარვეზები. მეტი თვალსაჩინოებისათვის მოყვანილი და გაანალიზებულია სტატისტიკური ინფორმაცია, სასამართლო გადაწყვეტილებები, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოების, აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკებიდან.
საკვანძო სიტყვები :
ძალადობა, სასამართლო პრაქტიკა, პრევენცია