ევროპის კავშირის საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობის (მონაწილეობის) სამართლებრივი ასპექტები

აბსტრაქტი :

საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსტრუქციული ურთიერთქმედება ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც სრულად შეესაბამება მის მისწრაფებას, თავი დაიმკვიდროს როგორც გავლენიანმა საერთაშორისო აქტორმა. მსგავსი ურთიერთქმედების მეშვეობით, იგი თანმიმდევრულად და შეგნებულად უწყობს ხელს საკუთარი ნორმებისა და სტანდარტების დანერგვას საერთაშორისო სივრცეში, რითაც ცდილობს, ეს ველი უფრო ერთგვაროვანი და თავისთვის უფრო ხელსაყრელი გახადოს. ამასთან, საერთაშორისო ასპარეზზე მის აქტიურობას, ხელშეკრულებების დადებას და საერთაშორისო ორგანიზაციებში მონაწილეობას წევრი სახელმწიფოების მიერ სუპრანაციონალურ დონეზე ევროკავშირის შიდა სფეროში გადაცემული უფლებამოსილებების დიდი მოცულობა განსაზღვრავს.

თავისთავად, საერთაშორისო ორგანიზაციებში ევროპის კავშირის მონაწილეობა და ასეთი მონაწილეობის იურიდიული გაფორმება განპირობებულია თვითონ ევროკავშირის, როგორც სახელმწიფოთა გაერთიანების, სპეციფიკით, მისი ინსტიტუტების უფლებამოსილებებით, საერთაშორისო ორგანიზაციებში მისი და წევრი ქვეყნების პარალელური მონაწილეობის ფენომენით, აგრეთვე კონკრეტულ საერთაშორისო ორგანიზაციათა სამართლებრივი თავისებურებებით. სწორედ ეს საკითხები წარმოადგენს წინამდებარე სტატიის კვლევის საგანს. გარდა ამისა, სტატიის მეორე ნაწილში მოცემულია საერთაშორისო ორგანიზაციებთან ევროპის კავშირის ურთიერთობათა ტიპოლოგია, სადაც მთავარ კრიტერიუმად აღებულია მისი სტატუსი საერთაშორისო ორგანიზაციებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, სტატიაში, ევროკავშირის საერთაშორისო სამართალსუბიექტობის კონტექსტში, გაანალიზებულია ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკა, მათ შორის ამ უკანასკნელის ბოლოდროინდელი სასამართლო აქტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, აგრეთვე ევროკავშირის სამართლის მკვლევართა ნაშრომები.

საბოლოო ჯამში, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან ევროპის კავშირის ურთიერთობების კვლევის შედეგად, გამოიკვეთა ამგვარი ურთიერთქმედების მთავარი (ზოგადი) სპეციფიკა: რაც უფრო მეტი და ქმედითი სახელისუფლებო რესურსი და ინსტიტუციური პოტენციალია კონცენტრირებული ევროკავშირის დონეზე ამა თუ იმ სფეროში, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ იგი მეტი უფლებამოსილებით იყოს წარმოდგენილი იმავე პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციაში, რაც, როგორც წესი, ზრდის ასეთ ორგანიზაციასთან მისი ურთიერთქმედების  ინსტიტუციონალიზაციის ხარისხს.

 

საკვანძო სიტყვები :

სამართალსუბიექტობა, ორგანიზაციები, ურთიერთქმედება

სრული PDF:

PDF